ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შერაცხადია.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნაც გაცემულია, რომლის მიხედვითაც, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციითვე, არ არის გამორიცხული, დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდეს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ვარკეთილში გიორგი კავლელაშვილმა ცოლი, ქეთევან ედიბერიძე დამამძიმებელ გარემოებებში მოკლა. ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.