სტოლტენბერგი – უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას ვეწინააღმდეგები

Published:

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას. შესაბამისი განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის შემოღება რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა.

ნატო-ს გენმდივნის განცხადებით, ქვეყანამ რეფორმებზე უნდა იმუშაოს.

“ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა.

საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ქართველმა ხალხმაც ნათელი გახადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.

ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს “უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, რომლებიც, ასევე, საქართველოში მოქმედებენ, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img