ჯაფარიძე – ეს კანონი არის მიმართული დასავლეთისკენ

Published:

“რატომ უკრძალავენ საქართველოს კანონს, რომლის ანალოგიც ევროკავშირსა და საფრანგეთში მიღების პროცესშია” – ამ შეკითხვას მმართველი გუნდი სვამს და აცხადებს, რომ პასუხი ამ დრომდე არავის გაუცია.

მათივე შეფასებით, პარადოქსია, რომ დასავლეთიდან ისმის მოწოდება, “ქართულმა ოცნებამ” არ მიიღოს ისეთი კანონი, რასაც ევროპარლამენტი ევროკომისიის მოწონების შედეგად განიხილავს და მალე დაამტკიცებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, მათი ინიციირებული კანონპროექტი ევროკავშირისა და საფრანგეთის კანონების ანალოგია, ქვეყნის შიგნიდან და გარედან მომდინარე პროტესტი კი მეტყველებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დონორებს ბევრი რამ აქვთ დასამალი და გამჭვირვალობის წინააღმდეგი ამიტომ არიან. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში, სადაც კანონს ისევ რუსულს უწოდებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სადაც ეს კანონი არსებობს, ის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ხოლო საქართველოსთვის კანონპროექტი ევროპულ გზას აზიანებს.

“ნუ მოატყუებ საზოგადოებას ძვირფასებო. ეს კანონი სადაც მოქმედებს მტრის, ამ შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ნუ ატყებთ ხალხს, ძალიან ცუდი საქციელია. ნუ იქნებით თანამონაწილე იმის, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე არის პრობლემა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სხვა ქვეყნებში მიღებული კანონი რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესამცირებლად მუშაობს, ხოლო, თუ საქართველოში მიიღებენ კანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირისა და NATO-ს კარი დაიხურება.

“ეს კანონი არის მიმართული დასავლეთისკენ. დასავლეთში მიღებული კანონები მიმართული არის რუსეთის და ჩინეთის გავლენების შესამცირებლად. ამაში რა არის გაუგებარი?! მთავარი საფრთხე არის ის, რომ ჩვენთვის დაიკეტება ყველანაირი კარი ევროკავშირისა და NATO-სკენ. ამას უკვე გასაგებად, დამარცვლით გვეუბნებიან დასავლეთიდან”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსულია და მას არანაირი საერთო არ აქვს დასავლეთში არსებულ სხვა მსგავსი მიზნის მქონე კანონპროექტებთან.

“კანონი არანაირ კავშირში არ არის ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში და დასავლეთში არსებულ სხვა ტიპის კანონპროექტებთან. ეს არის შინაარსობრივად და არგუმენტაციულად რუსული კანონი, რომელსაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს. მას არანაირი საერთო არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან ევროკავშირში არსებულ სხვა მსგავსი მიზნის მქონე კანონპროექტებთან”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img