თეონა აქუბარდია – ყველა, ვინც ამბობს, რომ ანალოგიური კანონი მოქმედებს დასავლეთში, ამბობს დიდ ტყუილს

Published:

“გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს. საკანონმდებლო ორგანოში საკითხი კვლავ პოლიტიკური ბრალდებების თემაა.

“საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ თუ მმართველ გუნდს მართლაც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ბრძოლა უნდა, მაშინ მათი პარტიის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს უნდა დაუჭირონ მხარი.

“ჩვენ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ ვართ – პირიქით, ყოველთვის მივესალმებოდით და მივესალმებით. თუ რეალური გამჭვირვალობა ადარდებს “ოცნებას” და თუ მათ მართლა არამეგობარ და მტრულ სახელმწიფოებთან ბრძოლა უნდათ, მაშინ ჩვენ ალტერნატიული პროექტები გვაქვს ინიციირებული,”- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

“რეფორმების ჯგუფის” წევრის თეონა აქუბარდიას შეფასებით, იტყუება ყველა, ვინც ამბობს, რომ დასავლეთში ანალოგიური კანონი მოქმედებს.

“ჩვენ ვაპირებთ როგორც მათ კანონზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობას, ასევე ორ ალტერნატიულ კანონზე. მოცემულობაში კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, თუ როგორ მტრობს “ქართული ოცნება” საქართველოს გაცხადებულ ევროპულ პერსპექტივას. ყველა, ვინც ამბობს, რომ ანალოგიური კანონი მოქმედებს დასავლეთში, ამბობს დიდ ტყუილს ძალაუფლების და რუსეთთან დაახლოების მიზნით,”- აცხადებს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენის შესახებ. ახალი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით – გამოყენებულია ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”.

ცნობისთვის, მსგავსი კანონი 2023 წლის მარტში პარლამენტში “ხალხის ძალამ” წარადგინა და მას მმართველი გუნდის მხარდაჭერაც ჰქონდა, თუმცა, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ, “ოცნებამ” კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img