ხმაური და დაპირისპირება თბილისში – “ქართული ოცნების” პარტაქტივი რუსული კანონის მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
ამჯერად ეპიცენტრი მარჯანიშვილის მოედანია, სადაც პროპაგანდისტული პლაკატებით ისტორიული შენობებია აჭრელებული.
“ყურის გახვრეტას წადი და ისტორია წაიკითხე”, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დიდუბე-ჩუღურეთის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიორგი შუკვანმა ადგილზე მისულ ახალგაზრდას.
მთავრობის პარტაქტივმა კატეგორიულად გააფრთხილა სტუდენტები, რომ მათ მიერ გაკრული დეზინფორმაციის შემცველი პლაკატები აღარ ჩამოეხიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
გიორგი შუკვანმა ისიც დაადასტურა, რომ სწორედ მისი დავალებით გააკრეს, რუსული კანონის აგიტაციის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის შენობებზე პლაკატები და მეტიც, შუკვანის თქმით, მათ მერიიდან ნებართვა არ დასჭირვებიათ.
შენ ხარ ფერაძის მეტისი. შენ ხარ რომელი ადამიანის მხარდამჭერი იცი, ეკლესიაში რომ ადის და ხატებს საღებავს ასხამს. მატრონა კი არა, ისტორია წაიკითხე. ყურის გახვრეტას წადი და ისტორია წაიკითხე. ეს დედალია, თუ მამალი. ათასი ბანერია და ათი ათასი გაჩნდება. ნუ მეხები, ჭირი არ გადამდო”, – ამბობს შუკვანი.
რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული ახალგაზრდები კი “ოცნების” პარტაქტივს თბილისის მერიასთან გარიგებაში ადანაშაულებენ ამბობენ, რომ კალაძის მიერ გამოწერილი ჯარიმა მოჩვენებითი ხასიათის იქნება.
რად მინდა ნებართვა ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ მერიასთან არის შეკრული. გუშინ დაგვდევდნენ. ნადირობა იყო ჩვენზე გამოცხადებული. თუ ამ ფურცლების დახევის ეშინიათ, ესე იგი, ნიშნავს, რომ ჩვენი ყოველი ქმედების ორგანულად ეშინიათ. თუ დააჯარიმებს კალაძე მოჩვენებითად, ისევ ჩვენი ფულით გადაიხდიან ამ ჯარიმებს”, – ამბობს აქტივისტი.
ცნობისთვის, “ოცნების” პარტაქტივსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება დაახლოებით ნახევარი საათი მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდებს შორის არსებული დაძაბულობა შეამჩნია, სამართალდამცველებს სიტუაციის განმუხტვა არ უცდიათ.
შეგახსნებეთ, რომ მას შემდეგ, რაც FACEBOOK-მა რუსულ კანონთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ტყუილზე დაფუძნებული კამპანია დაბლოკა, სიცრუის ტირაჟირება ივანიშვილის პარტიამ ქუჩაში გამოკრული პლაკატებით დაიწყო. ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებმაც თბილისი პროპაგანდისტული პოსტებისგან გაწმენდა და “ოცნების” გამოკრული პლაკატების ნაგვის ურნებში ჩაყრა დაიწყეს, მმართველი პარტიის აქტივისტები მათ ქუჩაში დახვდნენ.