წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლები საჯარო მოხელეებს მიმართავენ

Published:

წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლები საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს მიმართავენ და რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობენ. 8 პირი, ვინც წულუკიანმა სამსახურიდან გაათავისუფლა, საჯარო მოხელეებს რუსული კანონის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს. იმ შემთხვევაში კი, თუ კანონპროექტს, “ოცნება” დაამტკიცებს, აფრთხილებენ საჯარო უწყებებში დასაქმებულებს, რომ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მათ ვერავინ დაიცავს.

მიმართვა საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს:

“ჩვენ ვართ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები.

მინისტრ წულუკიანის ადმინისტრაციის პირობებში, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როგორ შეუძლია სახელმწიფო სისტემას შელახოს შენი უფლებები, დაგაკარგვინოს სამსახური, შეგიზღუდოს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ გავხდით სისტემის ტერორის მსხვერპლნი, საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებული რომ ყოფილიყო, ჩვენ ხმას ვერავინ გაიგებდა. 

ჩვენ ვერ დაგვიცავდა დამოუკიდებელი მედია, სასამართლოში ჩვენ უფლებებს ვერ დაიცავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონი აგენტების შესახებ არის სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური კონტროლის ბერკეტი, რომელიც შეეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.მათ შორის, შეგეხებათ საჯარო მოხელეებს, ვისი პროფესიული საქმიანობა და შემოსავალი არის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.

თქვენ ვერ დაიცავთ თქვენ უფლებებს, როცა ამის საჭიროება დაგიდგებათ. თქვენ მოგიწევთ შეასრულოთ ყველა დავალება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა თქვენ პროფესიულ და პიროვნულ ეთიკასთან. ხოლო, თუ წინააღმდეგობას გაბედავთ, დაკარგავთ სამსახურს და აღმოჩნდებით სრულიად მარტო და დაუცველი სისტემის წინაშე.სანამ არ არის გვიან: აიმაღლეთ ხმა რუსული კანონის წინააღმდეგ, საკუთარი თავის და ქვეყნის დასაცავად. ნუ შეგეშინდებათ დღეს. გეშინოდეთ იმ პერსპექტივის, რომელსაც ხვალ რუსული კანონი შეგიქმნით.ერთად დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. არა რუსულ კანონს! – წერია განცხადებაში. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img