როგორც ვიცი, ივანიშვილი თვის ბოლოს გაფრთხილებას მიიღებს ევროკავშირისგან – თინა ბოკუჩავა

Published:

საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროკავშირი ძალიან მკაცრად აფრთხილებენ ივანიშვილის პარტიას და პირადად ივანიშვილს, რომ “რუსული კანონის” რეინიცირება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ რეზოლუციით, რომელიც დღეს ევროპარლამენტმა მიიღო.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს ძალიან მძიმე განაცხადი და განაჩენია ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წევრებისთვის, რომლებმაც “ღიად აირჩიეს გეზი რუსეთისკენ საქართველოს პარლამენტში “რუსული კანონის” რეინიცირებით.”

“საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროკავშირი ძალიან მკაცრად აფრთხილებენ ივანიშვილის პარტიას და პირადად ივანიშვილს, რომ “რუსული კანონის” რეინიცირება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ რეზოლუციით, რომელიც დღეს მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის შესწორების სახით შევიდა ივანიშვილის პერსონალური სანქციების საკითხი, რაც ცხადყოფს, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟზე და შესაბამისად, ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას.

ეს ძალიან მძიმე განაცხადი და განაჩენია ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წევრებისთვის, რომლებმაც ღიად აირჩიეს გეზი რუსეთისკენ საქართველოს პარლამენტში “რუსული კანონის” რეინიცირებით, რომელიც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით უკვე ჩავარდა და ახლაც ხედავთ, რომ საკმაოდ ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის საგანი გახდა. იმიტომ, რომ როგორც საქართველოს მეგობრებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ “რუსული კანონი” ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს”, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პირად გაფრთხილებას ამ თვის ბოლოს კონკრეტულად ევროკავშირისგან მიიღებს.

“ეს არის უმკაცრესი გაფრთხილება პირადად ივანიშვილისთვის. მე როგორც ვიცი, ასევე პირად გაფრთხილებას მიიღებს ის კონკრეტულად ევროკავშირისგან ამ თვის ბოლოს და ეს ნამდვილად ბოლო გაფრთხილება იქნება მისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ინტერესში ამ გაფრთხილების სიმწვავეს გაითავისებს და გაიაზრებს ბიძინა ივანიშვილი. მისი პარტიის წევრები კი ბუნებრივია, იგივე მორჩილებით, რასაც ამ დრომდე ავლენდნენ, შეასრულებენ დავალებას, რომელსაც თავად ივანიშვილისგან მიიღებენ, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ეროვნული და ევროპული ინტერესი, მაგრამ ახლა ხვდება, რომ რაც მისთვის მნიშვნელოვანია – მისი ფინანსური აქტივები, შესაძლებელია საფრთხის ქვეშ დადგეს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა „საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო 30-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, „უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img