ყველაფერი არის მარტივი დეჟავუ, ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტიც, ჩალაძის ფასი აქვს – ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე აკეთებს და ევროპარლამენტის უმწვავეს რეზოლუციას ეხმაურება.
კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ევროპარლამენტარებს და ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში ნეგატიური ფონის შექმნას ცდილობენ და აშინებენ საქართველოს მოქალაქეებს.
აშინებდნენ საზოგადოებას, აშანტაჟებდნენ– ამბობს კობახიძე ევროპარლამენტარებზე და ამტკიცებს, რომ გუშინ მიღებული რეზოლუციაც საზოგადოების დაშინებას ემსახურება.
რაც შეეხება რეზოლუციას, ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. გახსოვთ რა იყო პროცესი, იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ საზოგადოებას, აშანტაჟებდნენ – მაშინ მიიღეს 3 სხვადასხვა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო მათ შორის დამნაშავეების გათავისუფლებაზე, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რეზოლუციაზე, თუმცა გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები, ხალხზე მუქარამ ვერ გაჭრა…
ყველაფერი არის მარტივი დეჟავუ, არის ამ ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, რომ ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ საზოგადოება.
როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციებს აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტიც, ჩალის ფასი არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას,“ – ამბობს კობახიძე.