პარლამენტში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვა, დაპირისპირებებისა და ხმაურის ფონზე, უკვე 3 საათზე მეტია მიმდინარეობს.
სხდომაზე მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეც, ლევან ხაბეიშვილმა გუშინდელ ინციდენტზე ისაუბრა. თქვა, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ემუქრებოდნენ.
“როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად, იქნებ გაჩერდე. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია ეს ფუფუნება არ მივეცი, რატომ წივიხართ? გადაღებული აქვთ ტელეფონით, თქვენ მაინც განახებენ. ასე ამბობდნენ, თუ ვეტყოდი, რომ ჩმორი ვარ – აღარ დამარტყამდნენ. ამაზე პასუხი როცა მიიღეს კიდევ უფრო მაგრად მომხვდა სხვათა შორის.
ბატონო შალვა უყურეთ, ეს არის რუსეთი ახლა რასაც ხედავთ ჩემს ტანზე. ჩემდა სამწუხაროდ ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. თქვენ შეიძლება გაგიხარდათ ახლა ხაბეიშვილს ასე რომ აქვს, მაგრამ ჩვენს შვილებს დასდევდნენ ესენი იქ.
მე მახსოვს აქ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო. მიუხედავად ყველაფრისა, აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა, მე კიდევ ერთხელ გთხოვთ და მერე დავტოვებ დარბაზს, უბრალოდ არ მაქვს შესაძლებლობა, რომ კითხვები დავსვა ფიზიკურად.
კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ თუ ჩემი თვალი აღარ გაინტერესებთ, კეფა. მთავარ ოპოზიციონერი პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უსწორდებიან ქვეყანაში, მაინც და მაინც დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის. იმ ახალგაზრდების გამო, ვისაც თმის ღერი ჩამოუვარდა, თავის ქალაშიც ურტყეს და დაალურჯეს, გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი მაქვს თქვენი – არა, იქნებ ეს კანონი გაიტანოთ. 5 თვეა არჩევნებამდე დარჩენილი. გაივლის, ამ თვალიდან შეიძლება ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს 5 თვის მერე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის, ყველა გალახვაზე ერთი ერთზე არასდროს მოდიან, ახლაც სპეცრაზმი იყო და ბოდიში ვერ გავუმკლავდი.
გთხოვთ შეწყვიტეთ კანონის განხილვა,“ – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.