იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მანამდე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ საგანგებო ლოცვები შეასრულა, გარდამოსვლის შემდეგ კი ცეცხლი მაცხოვრის საფლავიდან გამოიტანა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მაცხოვრის საფლავის ტაძარში შესასვლელად, უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაძლიერებული იყო. რიტუალზე დასწრება მხოლოდ იმ მომლოცველებმა შეძლეს, ვისაც სპეციალური აკრედიტაცია ჰქონდათ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
სხვადასხვა ქვეყანაში ცეცხლს სპეციალურად დანიშნული ფრენებით წაიღებენ. საქართველოში წმინდა ცეცხლს 23:40 საათზე ჩამოიტანენ, რის შემდეგაც იგი ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება. ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება.
რელიგიური სწავლების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.