პარტია “საქართველოსთვის” წევრები სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

Published:

გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

ანა ბუჩუკურმა განმარტა, თუ რა მუხლზე დადგინდა დარღვევა. მისივე თქმით, გახარიას გუნდი დააკვირდება, თუ როგორ გაშუქდება აღნიშნული ამბავი მედიასივრცეში, რაც საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნება.

“სადავო იყო 4 მუხლი. არ დადგინდა დარღვევა არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, არ დადგინდა დარღვევა შეკრების თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით, არ დადგინდა დარღვევა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. დადგინდა დარღვევა მე-3 მუხლზე პროცედურულად, რაც უკავშირდება სათანადო გამოძიებას. ჩვენი გუნდის პოზიცია უფრო დეტალურად გაჟღერდება დღეს, გვექნება ბრიფინგი, დავაკვირდებით თითოეული მედიასაშუალება როგორ გააშუქებს სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას და ჩვენი მედიამონიტორინგის შედეგები აუცილებლად გაეგზავნებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, იმისთვის რომ სტრასბურგის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ერთადერთი პარტია იყო გახარიას გუნდი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და მხარს არ უჭერდა 20 ივნისი ამნისტიას,” – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საიას საჩივრები ეხებოდა აქციის დაშლისას, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებას. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაირღვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img