“მნიშვნელოვანია ზიზღის, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის კამპანიის მორალური შეფასება, რომელიც ცალკეულ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს დაწყებული,” – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარე საპროტესტო აქციები უკვე გასცდა იმ მშვიდობიანი პროტესტის კულტურას, რომელიც საქართველოში იყო დამკვიდრებული და, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ანგრევს.
“პროტესტების დროს ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხოლმე, ამით ვამაყობდით. რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმას და შტურმს, უკანონო პიკეტირებას, არის 2019 წლის 20 ივნისის, 2019 წლის ნოემბრის აქციების გამეორებაა, რომელიც ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული იყო. ვხედავთ უკვე არა მხოლოდ სამართალდამცავებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, არამედ მოქალაქეებზე თავდასხმას. შეგახსენებთ გმირთა მოედნის გადაკეტვის დროს კონფლიქტებს მოქალაქეებთან, მათ შორის მათთან, ვინც არ იყო ჩართული პროტესტში, მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა ვიხილეთ,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს ფაქტები საზოგადოების წვერებზე ზეწოლის, მათ შორის სპორტსმენებზე, ხელოვანებზე, რომ დაფიქსირდეს ის პოზიცია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისთვის” არის სასურველი.
“ცენზურაზე არიან გადასული და რაიმე სიტყვა თუ არ ემთხვევა, დამატებით, მორალურ ტერორზე გადადიან, როგორც ამ ადამიანებზე, ისე ამ ადამიანების ოჯახის წევრებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეაფასოს ეს. ეს ეწინააღმდეგება თავად საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ კულტურას, მათ შორის პროტესტის უფლებას. პარტიამ და პოლიტსაბჭომ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეიქმნას ბაზა, ვებგვერდი, სადაც ყველა ეს ადამიანი იქნება მხილებული. საზოგადოება შემდეგ თავისთავად განსჯის და ჩამოაყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ადამიანები საჯაროდ რასაც ერიდებიან, არ ერიდებიან კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილება აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს სოციალურ ქსელში ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი არის კერძო საუბარი. მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც აღვივებს ზიზღს, აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათი ოჯახის წევრებზე. საზოგადოებას როდესაც ექნება ამაზე რეაქცია, მორალური შეფასება, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს და განცხადებებს.
მნიშვნელოვანია, მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს წამოწყებული, ზიზღის კამპანია, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე. გვახსოვს, რომ ამ აქტივისტების მხრიდან სპორტსმენებზე და მათი ოჯახის წევრებზე მიდიოდა ზეწოლა, ქვეყნდებოდა მათი პერსონალური ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ვინ დგას ამის უკან, ვინ არიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ,”-აცხადებს შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული.