მეორე დღეა შეფასებების თემაა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადება. მეთიუ მილერმა თქვა, რომ FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს აცდენილია.
“ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც აშშ-ის შესაბამისმა სტრუქტურებმა უზრუნველყონ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსების გამჭვირვალობა, ერთ-ერთი ფონდი, რომელიც ფარულად აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს და პარტიებს, არის სწორედ ეს ფონდი და მათ ხელშია, რომ უზრუნველყონ გამჭვირვალობა. ეს ხომ კეთილსინდისიერი დონორობის მინიმალური სტანდარტია – ჩადიხარ ქვეყანაში, ხარჯავ ფულს, ეუბნები ხალხს, რომ ამას ვაკეთებ შენს საკეთილდღეოდ, კეთილი ინებე და ამ ხალხს უთხარი, რას აკეთებ მის საკეთილდღეოდ და რაში ხარჯავ ამას. ნაცვლად ამისა, არის დაფარვა ამ ხარჯებისა და აქტივობებისა.
1 წელი მე პირადად მქონდა მცდელობები, რომ დამერწმუნებინა ისინი, რომ გაესაჯაროებინათ. ისინი დამპირდნენ, რომ გაასაჯაროებდნენ. 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაგვპირდნენ – მათ შორის, საელჩოს იყო ინფორმირებული. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვნახეთ რომ არათუ გაასაჯაროვეს, აქეთ მოვისმინეთ მუქარა დონორის მხრიდან. მგონი, პირველად ხდება ისტორიაში, რომ დონორი ემუქრება სახელმწიფოს და ხალხს, რომ თუკი მოხდება იმ კანონის მიღება, რომელიც მის ფინანსებს გაასაჯაროებს, მაშინ რაღაც ზომებს მიიღებენ. ამ აბსურდამდე მივედით, სამწუხაროდ.
ნაცვლად იმისა, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედონ, გაასაჯაროონ პროექტები და დაფინანსებები, გაღმა შემოდავების მეთოდით არის საუბარი იმაზე, თუ რა არის Fara. მგონი, საბოლოო ჯამში, ყველა კარგად გაერკვა, რომელი კანონი რომელ ქვეყანაში რას აწესრიგებს და ყველამ ზეპირად იცის, რომ ახლოსაც კი ვერ მივა ის კანონი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ამერიკულ ვერსიასთან თავისი სიმკაცრით თუ რეგულირებით,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.