დარბევის დროს სამართალდამცველებს ევროპაში ნაყიდი ფორმა ეცვათ – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია შეძენილი.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, კუპატაძემ განაცხადა, რომ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა წარმომადგენლებს გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოსა და სხვადასსხვა ქვეყნებში აქვთ გავლილი.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად- თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.
ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში”, – განაცხადა კუპატაძემ.