ხაბეიშვილი – დღეს კანცელარიაში ბიზნესმენებს მოსთხოვენ, რუსულ კანონს მხარი დაუჭირონ

Published:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს კანცელარიაში ბიზნესმენებს დაიბარებენ, სადაც მათ მოსთხოვენ, რომ რუსულ კანონს მხარი დაუჭირონ.

ხაბეიშვილის თქმით, ბიზნესმენებს ასევე მოსთხოვენ, აიძულონ თავიანთი ოჯახის წევრები აღარ იარონ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ “პრობლემები შეექმნებათ.”

“ახლა რაც შეეხება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს – დღეს ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 4-5 საათისთვის კანცელარიაში ბიზნესმენები ჰყავთ დაბარებულები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავს მხარდაჭერა, აიძულონ, რუსული კანონი დაიცვან და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრებმა, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნებათ.

ასევე, დღეს აპირებენ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვონ, რომ აიძულონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხადია, დადიან არა რუსული კანონის აქციაზე, მიტინგებზე აღარ წავიდნენ”, – თქვა ენმ-ის ლიდერმა.

ხაბეიშვილმა ბიზნესმენებს შეახსენა, რომ “საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე” და ახლა გადამწყვეტი დროა ივანიშვილსა და საქართველოს შორის არჩევანის გასაკეთებლად.

“მინდა მივმართო იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე. უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, ევროპაზე. თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია ევროპასთან. უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი დრო, როცა მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის. რუსულ კანონსა და ევროპას შორის.

ამიტომ ყველა ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღისა და კვირის გამო, დარწმუნებულები უნდა იყოთ, საქართველოს მომავალი არის ევროპაში. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ის კანონი, რომელსაც თავს გვახვევენ და გვეუბნებიან, რომ, თურმე, ჩვენზე ზრუნვის გამო შემოაქვთ, აუცილებლად დაავიწყდება საქართველოს ყველა მოქალაქეს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img