უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ შინაარსზე და არა მათ შესთავაზონ ამ კანონის უბრალოდ ბრენდირება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში შინაარსობრივი განხილვის გარკვეული ტენდენცია და მზაობა არსებობს.
“ყოველი საჯარო გამოსვლისას ვცდილობთ, რამენაირად შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი აქტორები. სამწუხაროდ, თავიდანვე ამ კანონპროექტს დახვდა უბრალოდ ყრუ კედელი, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან. ნაცვლად იმისა, რომ ის კანონი და იდეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და თავად ევროკავშირიც მუშაობს, განგვეხილა დეტალებში, იყო ყრუ კედელი. ბრენდირება კანონის, რათა ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით, შინაარსით.
საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ შინაარსობრივი განხილვის გარკვეულ ტენდენციას და მზაობას.საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით. ვიცით, რომ პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო. ვეტო არის ის მექანიზმი, თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი. ახლა უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ შინაარსზე და არა – მათ შესთავაზონ ამ კანონის უბრალოდ ბრენდირება. თუკი შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე, ვეტო არის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება, შემდეგ ეს ასახული იყოს კანონში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.