საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.
„წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.დღესვე საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას დღესასწაულობს – როგორც საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული, ორი ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.