კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი, – ამის შესახებ Freedom House-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეა საუბარი.
„თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად, ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი – ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით – და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ მიმართ : დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
Freedom House-ი გმობს საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების გამოყენებას.
„ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარითა და თავდასხმებით. ეს რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Freedom House-ი შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების შესაჩერებლად დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს.
„ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. თუ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მისი დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღებენ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ. საქართველოს დემოკრატიული გზისთვის გადამწყვეტი ეტაპი დგას. დემოკრატიული მთავრობები ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და გააგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს არ მოითმენენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.