ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.
ცენტრალურ პარკში შეკრებილები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს და საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს.
„საკლასო ოთახების ნაცვლად ვდგავართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ წარმოდგენილ კანონპროექტს. საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ „რუსულ კანონპროექტს“, რომელიც გარდა ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვისა, ცხადად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი თაობის მომავალს. ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის არაერთხელ სისხლად და ცრემლად დაღვრილი სამშობლოს შეურაცხყოფის ტოლფასია, რის საშიშროებასაც ნათლად გვისახავს მიმდინარე მოვლენები. რთული წარმოსადგენია, ერთი შეხედვით მთავრობა, რომლის მიზანიც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ მომავალზე ზრუნვაა, თელავდეს მოაზროვნე საზოგადოებას ილუზიებით, ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის ჯანსაღ აზრს და რაც მთავარია, უპირისპირდებოდეს ერისა და ქვეყნის მთავარ ღირებულებებს, რომლებმაც ეს ქვეყანა შემოგვინახა ღირსეული სახელითა და ნათელი მომავლის უდრეკი იმედით. დღეს დუმილი სირცხვილია! მიმდინარე მოვლენები ეხება თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს, თითოეულ ახალგაზრდასა თუ საქართველოს მოქალაქეს, რომლებსაც შესაძლოა ამ კანონპროექტმა შეუზღუდოს საკუთარი თავისა თუ ქვეყნის დემოკრატიულ და სრულფასოვან გარემოში განვითარება. უმოქმედობა თითოეული იმ გმირისა თუ მოვლენის შებილწვაა, რომლებმაც მოგვცეს ევროპის ღირსეულ ნაწილად საქართველოს აღქმის შესაძლებლობა. მესამე მოსმენით განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და კიდევ ერთხელ გადმოგვესხმება ლაფი ჩვენი კეთილგანწყობით ირიბად აღჭურვილი თანამემამულეების მიერ. მოქმედების დროა! იმოქმედეთ თქვენთვის, ჩვენთვის და ნათელი მომავლისთვის! გარდა ევროინტეგრაციისა და ნათელი მომავლის ბედის გადაწყდომისა, აწმყოს პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობაც საფრთხის ქვეშ დგება”, – აცხადებენ შეკრებილები.