გიორგი ბოტკოველი – სხდომაზე აუცილებლად ვიქნებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით 

Published:

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დღეს პარლამენტში მესამე მოსმენით გადის. პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, დაგეგმილია კენჭისყრა, რომლითაც დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ისინი სხდომას აუცილებლად დაესწრებიან და ოპოზიციური ფლანგის სათქმელს გააჟღერებენ.

მისი განმარტებით, ამ კანონის თუნდაც რაიმე ფორმით დატოვება გამორიცხულია.

“სხდომაზე აუცილებლად ვიქნებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით. რაც შეეხება კანონპროექტის რედაქციულ ცვლილებებსა და ა.შ., ეს ყველაფერი არის “ქართული ოცნების” ბოდვა, რომელიც რაღაც შემარბილებელი პოზიციის დაჭერას ცდილობს. ამ კანონის თუნდაც რაიმე ფორმით დატოვება გამორიცხულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ რედაქციულ ცვლილებებზე საუბარი არ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, რომელიც ქვეყნისთვის კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა ბოტკოველმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი.

“მესამე მოსმენა არ არის საბოლოო წერტილი, წინ არის ვეტო. შესაბამისად, გავაგრძელებთ წინააღმდეგობას იმისთვის, რომ კანონი უკან იქნას გაწვეული. თუმცა, ვხედავთ, რომ არა მხოლოდ რუსული კანონის წინააღმდეგ არის მომიტინგეების გამოსვლები, არამედ უკვე, ეს ყველაფერი ითარგმნება რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ გზავნილებში. საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსეთის გავლენის ქვეშ და საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img