ზურაბ ფარჯიანი – ასე დაიწყო რუსეთმა 2012 წელს და დღეს ფეისბუქზე “ლაიქის” თუ სტატუსის გამო ციხეში უშვებენ ხალხს

Published:

3 წელზე მეტია, რაც ფეისბუქი გაუქმებული მქონდა. იმიტომ რომ ასე უფრო “კომფორტული” იყო, დათა თუთაშხიასი არ იყოს “არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში” პრინციპით. მაგრამ უბრალოდ შეუძლებელი გახდა დუმილი.- ამის შესახებ ინტელექტუალი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსუფროსი მრჩეველი, ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს .

მისივე თქმით, ზუსტად ასე მოხდა რუსეთში და ამიტომაა ეს კანონი რუსული.

“არ ვიცი რა გიტრიალებთ “ქართული ოცნების” ლიდერებს თავში, თქვენ ხომ ყველას, ვინც კი რამეში არ გეთანხმებათ და ხოტბას არ გასხამთ, ეგრევე მოუწოდებთ რომ “თავიანთი საქმე აკეთონ”, “პოლიტიკაში არ გაერიონ”, “პოლიტიკა ბინძური საქმეა”, “პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ”, “პური მეპურემ აცხოს”. თან ეს იმის მიუხედავად რომ თქვენი “პოლიტიკოსების” უმრავლესობა კი არ შეიყვანეს, უბრალოდ პირდაპირ დადეს პარლამენტში და პოლიტიკაში, ყველანაირი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე. ყაველაშვილი, სანიკიძე, კაჭარავა, ბოლქვაძე და სხვები.

და მაინც თქვენ შექმენით ცარიელ ადგილზე სიტუაცია, როდესაც ყველა უბრალოდ იძულებულია თავისი აზრი გამოთქვას და დააფიქსიროს.

კანონი, რომელიც თქვენ გინდათ ძალით გაათრიოთ, და რომელიც თითქოს მხოლოდ არასამთავრობოების მიმართ არის, რეალურად ყველას შეგვეხება, რადგან ჯერ არასამთავრობოებს მიადგებით, მერე ტელევიზიებს, მერე ინტერნეტ გამოცემებს, მერე ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თვალში არ მოგივათ და ამ დროისთვის უკვე არავინ დარჩება ხმის ამომღები, თუ ახლავე არ ამოვიღეთ ხმა.

ზუსტად ასე მოხდა რუსეთშიც და ამიტომაა ეს კანონი “რუსული”. ჩვენ კიდევ ბავშვობაშივე გვასწავლეს რომ “ძალა ერთობაშია” და სანამ გაგვათითოკაცებთ, მანამდე უნდა დავდგეთ ერთად.

ამ კანონის შემოღების ძირითად არგუმენტად “გამჭვირვალობა” მოგყავთ, თან გამჭვირვალობას თხოვთ ორგანიზაციებს, რომელთა ხარჯებიც თუ შემოსავლებიც ისედაც გამჭვირვალეა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათი ნახვა საიტებზე.

ამ დროს საერთოდ არ გაინტერესებთ, როგორ გახდა მილიონერი თქვენი პარტიის ლიდერი და აწ უკვე ყოფილი პრემიერი, ღარიბაშვილი, როგორ გახდა შესაძლებელი რომ ადამიანი, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად “ნასესხები” 1000 დოლარით წავიდა, 100,000 ჩარტერებით დაფრინავს, როდესაც ჩვენს შვილებს ეკონომ კლასის ბილეთებითაც კი ვერ გავუშვებთ, რომ მაჯაზე უკეთია საკუთარ 10 წლის ხელფასზე მეტი ღირებულების საათები, რომ მინისტრის მოადგილე მიქაუტაძემ 100,000 ლარი გადაიხადა ცოლის დაბადების დღეში და მილიონ ევროდ იყიდა ბინა მადრიდში, არ გაინტერესებთ როგორ გახდა მილიონერი ყოფილი მინისტრი ჭიკაიძე, უეცრად რატომ გაეფურჩქნათ ბიზნესის ნიჭი ყოფილი თუ მოქმედი მინისტრების და პარლამენტარების ნათესავებს.

და თქვენ გინდათ დაგვაჯეროთ, რომ “გამჭვირვალობა” არის თქვენი პრიორიტეტი? კარგი რაა.

მონობაა თქვენი პრიორიტეტი. რომ ხმა არაფერზე ამოვიღოთ, რომ არც კი ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს თავს ან ვიცოდეთ, მაგრამ ჩუმად ვიყოთ, რადგან “ჩვენი საქმე არაა”. ასე დაიწყებთ არასამთავრობოებით და ბოლოს მოგვადგებით ყველას.

ტექნიკურად ეს შემდეგნაირად მოხდება. როგორც კი კანონს მიიღებთ, მერე 3 თვეში ერთხელ უკვე ცვლილებებს მიიღებთ იგივე კანონში. ჯერ ტელევიზიებს მიაყოლებთ მაგ კანონს, მერე სხვა მსხვილ თუ წვრილ ორგანიზაციებს, რომლებიც თვალში არ მოგივათ, მერე უკვე ნებისმიერი ადამიანს, რომელიც თქვენს მოსაწონს არ იტყვის ან იზამს, მაგას მიადგებით. ამ ქვეყანაში კიდევ მოსახლეობის ნახევარს ფული უცხოეთიდან ჩამოდის და რა პრობლემაა, ნებისმიერს გამოაცხადებთ აგენტად. ოჯახი არ არსებობს საქართველოში, ვინმე უცხოეთში არ იყოს და ფულს არ აგზავნიდეს. ასე გამოაცხადებთ ნებისმიერ თქვენთვის არასასურველ ადამიანს “აგენტად”. “პწკენა პწკენაში პატარძალი დაორსულდაო” პრინციპით იმოქმედებთ, ყველასთვის გასაგები რომ იყოს.

და ჩვენს ქვეყანაში ისედაც ყოველთვის უჭირდა სუსტს ძლიერთან სიმართლის გატანა და არც არასამთავრობოები რომ არ იქნებიან, არც ტელევიზიები, და ყველა, ვისაც ხმის ამოღების შნო ექნება, ან გაქცეული რომ იქნება ან დაჭერილი, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვიქნებით? ამის წამკითხველებმა არ თქვათ რომ საქართველოში ძლიერს სუსტი არ დაუჩაგრავს მთავრობის ზურგით და არ თქვათ რომ რამე არარეალურს ვამბობ.

ასე დაიწყო რუსეთმა 2012 წელს და დღეს ფეისბუქზე “ლაიქის” თუ სტატუსის გამო ციხეში უშვებენ ან უზარმაზარი ჯარიმებით ახრჩობენ ხალხს. სულ ყველაფერი რომ დაიფიცოთ, რომ ასე არ იქნება, თქვენი ნდობა არ იქნება. უამრავჯერ წაიღეთ უკან გაცემული სიტყვა და არც შემდგომში გაგიჭირდებათ.

“ღირსებით ევროპაში” იძახდით, თითქოს ღირსება გადარდებდეთ. ევროპის ჩემპიონატზე რომ კვადრატული ან სამკუთხა ბურთით მოინდომოს ჩვენმა ნაკრებმა წასვლა, “ღირსებით ევროპის ჩემპიონატზე” დაიწერდით?

ფეისბუქზეც თქვენი “მომხრეები” 3 დღის წინ შექმნილი ანგარიშებიდან რომ გიწერენ “მხარდამჭერ” სიტყვებს ან ისეთი ხალხი რომ “გიჭერთ მხარს”, რომელსაც 2016 წლიდან მხოლოდ 5-6-ჯერ აქვს დაწერილი რამე. ყალბი რომაა თქვენი ყველაფერი, ან ნაყიდი. ახლა პირდაპირ ძალადობაზე გადახვედით, რაც შეიძლება კარგიც კია, რადგან ნიღაბი ბოლომდე მოიხსენით. ვიცით უკვე რომ ყველაფერზე ხართ ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამსვლელები.

უბრალოდ თქვენ თუ ეს ყველაფერი ფული გიჯდებათ, ჩვენ სრულიად უფასოდ გიწერთ სიმართლეს და არ გაძლევთ ხალხის კიდევ უფრო მოტყუების საშუალებას. აი ამით განვსხვავდებით.

თქვენ არ და ვერ წარმოგიდგენიათ ალბათ, რომ ხალხმა შეიძლება უანგაროდ აკეთოს რამე.

ნაცებს რომ უწოდებთ ყველას, ყველა ნაცი როგორ ვართ და ვხდებით, როგორც კი თქვენი სიტყვისგან ოდნავ გადახრილს ვამბობთ? თავადაც ხომ იცით რომ თქვენი უამრავი ყოფილი მომხრეა დღეს თქვენს წინააღმდეგ? ბოლო-ბოლო თქვენს მიერ ნაქებ-ნალოლიავები გახარიაც კი “ნაცია” და თქვენი მოწინააღმდეგე. და ამავდროულად მურუსიძე გყავთ სასამართლოში და ნაცების დეპუტატები პარლამენტში.

რომ დაფიქრდე, “ნაცებზე” მეტი ნაცი დეპუტატი თქვენ გყავთ პარლამენტში. შეგიძლიათ ოდიშარიადან დაიწყოთ გარკვევა.

კიდევ უნდა ითქვას, რომ თქვენზე მეტად ალბათ არავის ასე არ დაუყვია ჩვენი ერი, თქვენებად და არათქვენებად, ყველა ვინც კი თქვენთან არ არის ეგრევე თქვენს მტრად რომ ცხადდება და ანათემაზე გადაეცემა. დღეიდან მეც გავხდები თქვენთვის “ნაცი”, გული მიგრძნობს. სიებით გვემუქრებით უკვე.

ჰო, კიდევ ხელოვნებს, სპორტსმენებს და ყველა პროფესიის ხალხს “ამუნათებთ”, ხმა არ ამოიღონ, “პოლიტიკა თქვენ გაცალონ”, “მათი საქმე არაა” და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ მოხდა რომ პოლიტიკა არის ელისო ბოლქვაძის საქმე და არ არის დავუშვათ ილიკო სუხიშვილის? არის კობიაშვილის და ყაველაშვილის “საქმე”, მაგრამ არ არის არველაძის, ქოჩორაშვილის, ილია თოფურიას საქმე? რამე ლოგიკურ შეუსაბამობას ვერ ხედავთ, ხომ? რამე სპეციალური განათლება მაინც მიეღოთ თქვენს სპორტსმენებს, სანამ პარლამენტში წამოჭიმავდით. ამაშიც ტყუით მოკლედ და ყალბები ხართ.

ან რომ იძახით “პოლიტიკაზე პოლიტიკოსებმა ილაპარაკონო”, ეგ ყველაზე უტიფარი ტყუილი რატომ მოახვიეთ ხალხს?! პოლიტიკა ყველას საქმეა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და თავისად მიაჩნია, რადგან ის, რასაც პოლიტიკოსები აკეთებენ, ყველას გვეხება. ამ თქვენს მიერ ატაცებულ იდიოტურ პრინციპებს რომ გავყვეთ, მაშინ მოდი ამინდზე მხოლოდ სინოპტიკოსებმა ილაპარაკონ.

უბრალოდ თქვენთვის კომფორტულია ხმა არავინ ამოიღოს. ან თუ ამოიღებს, მხოლოდ გაქოთ და გადიდოთ. მაშინ შეიძლება სპორტსმენმაც ამოიღოს ხმა და გეოლოგმაც. სხვათაშორის გინეკოლოგი კახაძე რომ გყავთ პარლამენტში, მაგას რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს? ახალშობილებთან აწარმოებდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს?

თქვენზე გაცილებით სწორი და პატიოსანი პოზიცია “ალტ-ინფოს”-აც კი აქვს, ისინი პირდაპირ ამბობენ მაინც, რომ არანაირი ევროპა არ უნდათ.

თქვენ კიდევ ვირეშმაკობთ, სხვა სიტყვა ამას არ ქვია, და თითქოს ევროპა გინდათ, თუმცა რეალურად რუსეთივით უტყვი მონების ქვეყანა გინდათ ააშენოთ, სადაც ჩვენი “ზუზუნით” არ შეგაწუხებთ “ზეპურ დედათა და მამათ”. ესაა ამ კანონის მიღების მთელი “ალია-ბალია”, სრული კონტროლი გინდათ ჩვენზე. ის კონტროლი, რაც ახლაა, არ გაკმაყოფილებთ, ნამეტანი ვხმაურობთ და მესმის, “წუხდებით”. “გუთენ ტრაკენის” მეთოდით “ქვეყნის შენებაში” ხელი გეშლებათ.

მე კიდევ, როგორც ქართველი, როგორც სოხუმელი, იმით ვწუხდები, რომ ვეღარ ვხვდები რისთვის იბრძოლა და რისთვის მოკვდა მამაჩემი 1993 წლის მარტში აჩადარასთან, ან სხვისი მამები, ძმები, შვილები? დღემდე მახსოვს მამაჩემის დაცხრილული, სისხლიანი “ბუშლატი” და “კანტროლკა” შუბლში. რისთვის გავწყდით სოხუმსა თუ ცხინვალში, ამისთვის? რომ რუსეთში შეგვათრიოთ და ხმის ამოღების უფლება არ გვქონდეს საკუთარ ქვეყანაში? მონებად ვიცხოვროთ? უსიტყვოდ გემსახუროთ და ბევრი არ ვიზუზუნოთ?

ყველანი ემიგრაციაში ხომ არ წავიდეთ? იქიდან გიგზავნოთ ფულები “ვესტერნ იუნიონით” და მერე თქვენ უტიფრად უკიჟინოთ ემიგრანტებს, რა უჭირთ, მივიდნენ საარჩევნო ყუთებამდე, სახლთან ხომ არ გავუხსნითო. ეს მაშინ როდესაც ემიგრანტებს ათასობით კილომეტრში აქვთ უახლოესი “საარჩევნო ყუთი” და მათ შრომასა და წვალებაზე დგას ქვეყანა?

ყველაფერში და ყველანაირად ასე უტიფრები როგორ ხართ, რამე უკან დასატოვარი გზა თუ არა ბილიკი მაინც დაიტოვეთ.

მეტს ვერაფერს ვიტყვი. გულწრფელად მგონია რომ არ დატოვეთ დუმილის საშუალება, თორემ მართლა ძალიან კომფორტულია დუმილი,სანამ გამაყრუებელი არ ხდება. თორემ ისე არავის ეხალისება აუტკივარი თავის ატკიება. უბრალოდ დუმილიც პოზიციაა, როგორც უმოქმედობა მოქმედებაა ხშირად.

ოღონდ თუ ვინმე იტყვით რამეს, მკაფიოდ თქვით რას ფიქრობთ. ნუ წერთ ამ სადღეგრძელოებს “გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას” და ასე შემდეგ. ასე მეც შემეძლო დამეწერა “გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, სიამტკბილოებას, ჩახუტებას, საცივს, გოზინაყს და შემწვარ გოჭს საახალწლოდ”.

თუნდაც ადგეთ და პირდაპირ მხარი დაუჭიროთ ამ კანონს ჩვენმა ფეხბურთელებმა, რაგბისტებმა, ვინც უნდა იყოთ, ეგეც კი გაცილებით სწორი და პატიოსანი საქციელი იქნება, ვიდრე ეს “არც მწვადი დავწვა, არც შამფური” პოსტები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

ბოლოს ის მინდა ვთქვა, რომ ეს ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანაა. ამ კანონს თუ მიიღებენ, ამ ქვეყნიდან ისინიც წავლენ, ვინც ბოლომდე იბრძოლა რომ ამ ქვეყანაში ეცხოვრა, ეშენებინა, შვილები აღეზარდა და ასე შემდეგ. წავლენ ნიჭიერი და ჭკვიანი “ძველ” თუ ახალგაზრდები, წავა ხალხი, რომელიც ქმნის ამ ქვეყნის “დღევანდელ დღეს” და ხალხი, ვინც უნდა შექმნას “ხვალინდელი დღე”. არ შეიძლება ამის დაშვება. ისე არ უნდა ვქნათ ჩვენი დუმილით და უმოქმედობით, რომ ქვეყანა მომავლის გარეშე ან “რუსული მომავლით” დავტოვოთ.

არა რუსულ კანონს!

პ.ს. იმათ, ვისაც ჰგონია, რომ “აქლემი მათთან არ დაიჩოქებს”, ტყუილად გგონიათ. თქვენამდეც მოვა ეს ყველაფერი,” – წერს ზირაბ ფარჯიანი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img