“ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ ბოიკოტის გამოცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, თვალთმაქცობას უწოდებს.
მისი განმარტებით, საგაზაფხულო სესიის დახურვამდე ისედაც ცოტა დრო რჩება.
“რა თქმა უნდა, ვეტოს უნდა ახლდეს კონკრეტული არგუმენტაცია. არის მცდელობა, რომ დისკუსიისთვის სივრცე დაიხუროს, ვინაიდან დისკუსიის შედეგად მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ნათელი გახდება, თუ რატომ მიიღეს მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებმა. ბოიკოტი არის თვალთმაქცობა, სახის შენარჩუნების მცდელობა. მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ საგაზაფხულო სესია ისედაც ძალიან მალე მთავრდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვერ ერკვევა კონსტიტუციაში.
“ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ აქვს შენიშვნები, თან აქვს შენიშვნები, ამას როგორ გააკეთებს, ძალიან მაინტერესებს, ალბათ, ცარიელ ქაღალდს მოაწერს ხელს და გამოაგზავნის პარლამენტში, ამ ქაღალდს უკან დავუბრუნებთ ისევ. მივიჩნევთ, რომ მას არ ექნება შენიშვნები, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ასეთი ტრიუკები არ გაუვათ. მისი ასეთი არასწორი პასუხები ერთადერთ რამეს ადასტურებს – არ ერკვევა კონსტიტუციაში და მის უფლებამოსილებაში, საცინრადაც იგდებს საზოგადოებას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.