ზურაბიშვილი – არ შევიდოდი ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს!

Published:

აქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრესკონფერენციაზე “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ”, კანონის მიღებით, საქართველოს ევროკავშირის გზიდან გადაყვანა სცადა, რასაც საზოგადოებამ უწყვეტი პროტესტით უპასუხა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული საზოგადოება რუსულ წნეხს არასდროს დაუბრუნდება.

“დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა მძიმე არის ის წერტილი, რომელიც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განაცხადისთვის, რომელსაც ჰქონდა, როგორც განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით.

ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა.

ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან – ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილი წარსულში.

ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა – საქართველოს საზოგადოება უპასუხა, 30 დღის განმავლობაში, ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით.

ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ყველაზე ვსაუბრობდით, რომ ჩვენი საზოგადოების 85% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში და რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ.

ეს არის იმის მტკიცებულება ასევე, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას იმ ღირებულებებზე, რომელიც არის ევროპული ღირებულებები – დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა – ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებითა და ამ შემართებით არასდროს დაუბრუნდება რუსულ წნეხს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, არ უღალატებს იმ სულისკვეთებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

“მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ჩემი ვეტოს დადებით არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს. 

მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა.

ამ გზავნილს მიიტანენ ჩვენი მეგობრები ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img