საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებული ორგანიზებული ძალადობის ფაქტს ეხმაურება და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ “ეფექტიანი რეაგირება უნდა მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ ე. Წ. რუსული კანონი. როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა.
სტუდენტები საუბრობენ, რომ ბოლო დღეებში მათზე და მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება სატელეფონო მუქარა, დაშინების მცდელობები, მათ მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, რუსული კანონის გაპროტესტების გამო, რაც ასევე შემაშფოთებელია.
მოვუწოდებთ პროკურატურას ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე.
მოვუწოდებთ თსუ-ის ადმინისტრაციას: დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე”, – წერია განცხადებაში.