ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე რუსულ კანონზე ვენეციის დასკვნას “პოლიტიკურად მიკერძოებულს” უწოდებს და ირწმუნება, რომ მასში “ფაქტები დამახინჯებულია”.
კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე კომისიის კრიტიკული დასკვნა “პოლიტიკური მესიჯების” გატარებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მოსაზრებაში კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს.
“სამწუხაროდ, ვენეციის კომისიამ ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, წარმოადგინა პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი რაიმე არგუმენტის მოყვანა. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა. თურმე, ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.
საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები. აღნიშნული დასკვნა გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა, არანაირი შინაარსობრივი განხილვა არ ყოფილა და არანაირი ახსნა – განმარტება, რატომაა გამჭვირვალობა ცუდი”- თქვა კალაძემ.