მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც არ დადგება დღის წესრიგში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გახდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელი.
„ამ დღეებში ასევე ვნახეთ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს გამჭვირვალობის შესახებ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მე კი, ჩემი მხრივ, პირობას გაძლევთ, საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება.
გამჭვირვალობის კანონი, რომელიც იქნა მიღებული, ამაზე გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მიღებული იქნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის. ყველა კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფოების მხრიდან დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი იქნას შეჩერებული. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი.
როდესაც გვეუბნებიან, რომ მზად ვართ ვიზალიბერალიზაციისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის ამერიკასთან, ამას მხოლოდ მივესალმებით და როგორ შეიძლება, ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი. ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით, თუ აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ შესვლა და მექსიკაში რამდენიმე დღის, კვირების განმავლობაში ციხეებში ყოფნა, არამედ ისეთივე ურთიერთობა ექნებათ ჩვენს ქვეყანასთან, როგორიც აქვთ განვითარებულ ქვეყნებთან. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მაშინ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც, საჭიროებაც არ დადგება დღის წესრიგში.
მისასალმებელია, თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმება, დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. მტრობაა, როცა დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, მტრობაა, როცა დასავლეთი აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, მეგობრები. საქართველო რომ საიმედო პარტნიორია, ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით და ახლაც მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, დამოკიდებულება. ეს არის ქართველი ხალხის განწყობა, მაგრამ მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, გაგვაკეთებინოს ისეთი რამ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.