გრიგოლ გეგელია – „ლელო“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა მეტი თანამშრომლობისკენ

Published:

„ლელო“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა მეტი თანამშრომლობისკენ, მაგრამ მეტი თანამშრომლობა საერთო სიებს არ გულისხმობს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია საერთო სიების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

„ლელო“ არ აპირებს საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება გააზრებას, როგორ უნდა დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამ მნიშვნელოვან მიზანზე ვართ ორიენტირებული, როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც „ლელო“ იღებს ან მიიღებს, იქნება დამყარებული ამ ძირითად პრიორიტეტზე. რაც შეეხება საერთო ძალისხმევას, ვფიქრობ, „ლელოს“ ძალიან მკაფიოდ აქვს გაცხადებული, რომ ვემხრობით საერთო ძალისხმევას, ვემხრობით საერთო ძალას და კოორდინირებას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გამოაცხადა მორატორიუმი სხვადასხვა ოპოზიციონერების მისამართით. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ პლატფორმას, ჩვენ აგრეთვე ვემხრობით მასში მონაწილეობას, მაგრამ ეს არ გულისხმობს საერთო სიებს და საერთო ელექტორალურ წინასაარჩევნო ფორმატს“, – აღნიშნა გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას თქმით, იგი საერთო სიებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების სწორ და წარმატებულ გზად არ მიიჩნევს.

„კვლევები ბევრნაირი არსებობს, პირადად ჩემთვის არ არის ცნობილი არცერთი მსგავსი კვლევა, რასაც ქალბატონი ბოკუჩავა ახსენებს. ყველა კვლევაზე უფრო მთავარია საზოგადოების დაკვეთა, რომელიც ცხადია. საზოგადოების დაკვეთა არის მეტი თანამშრომლობა და „ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც პირველი განაცხადი და ნაბიჯი გააკეთა სწორედ მეტი თანამშრომლობისკენ, მაგრამ მეტი თანამშრომლობა არ გულისხმობს საერთო სიებს. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ საერთო სიები არის ყველაზე წარმატებული და სწორი გზა ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დამარცხებისთვის. პრიორიტეტი არის არა ერთი, მეორე და მესამე ტიპის სიების შექმნა, არამედ რუსეთის სამსახურში მყოფი რეჟიმის დამარცხება.
სხვა მხრივ, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი გაუწოდა პარტნიორებს თანამშრომლობისთვის ალტერნატივის შექმნის მიზნით, რადგან ორპარტიულობის ალტერნატივის შექმნის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ჩვენ არ გვესახება“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img