სააკაშვილი – ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე

Published:

ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას! დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე! შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა – ყველამ გამოიღვიძა, ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა – მართლა ყოჩაღ, გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი! – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, თაობებად დაყოფა არ უნდა მოხდეს. მისივე აზრით, რუსულ რეჟიმს ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა უნდა დაუპირისპირდეს.

„[ამბობენ] აი, ახალგაზრდები იტყვიან თავის სიტყვას – ჩვენ რატომ არ უნდა ვთქვათ, ჩვენი სიტყვა? – ჩვენ, იმ ხალხმა, ვისაც ამდენი გამოცდილება გვქონდა? ნუთუ ისე დაგვამდაბლა საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ, რომ ახლა, პრაქტიკულად დამბლადაცემულებმა უნდა ვუყუროთ საქართველოს განადგურებას?

რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე, სადაც ახალგაზრდობა დგას, უნდა იყოს ზუსტად ის, რაც მოხდა, როდესაც 300 000 ადამიანი გამოვიდა – ე.ი ყველა თაობის ადამიანები გამოვიდნენ. ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა. ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები. მანამდე, ყველამ გავითავისოთ ეს საფრთხე – გაქანებული მივექანებით სრულ კატასტროფამდე! გაქანებული მივექანებით საქართველოს მოსპობამდე, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ განადგურებამდე – მისი ძალიან ბევრი მკვიდრის და მოქალაქის.

ჩვენ პარტიულ პლატფორმას, როცა იქნება, სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა, პარტიული პროგრამები. რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა. ერთობა – “ძალა ერთობაშია“, ჩემი ხელით დავაწერე მაშინ საქართველოს გერბს. ისევე როგორც ავაფრიალეთ ხუთჯვრიანი დროშა. ისევე როგორც “ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა“, ჩემი ხელით ჩავწერე საქართველოს ჰიმნის ტექსტში იმიტომ, რომ პროექტში ეს არ იყო. უფრო სწორად, ეს კი არა – “თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. სიტყვა „თავისუფლება“ ჩემი ხელთ ჩავწერე. თავისუფლება არის ჩვენი ეროვნული კოდი, ჩვენი არსი. როდესაც მე დავბრუნდი საქართველოში, სწორედ ამ განცდით დავბრუნდი. რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. მე მქონდა [მოსაზრება], რომ თუ სხვა აღარავინ იცავს ამ ქვეყანას, მე შევწირავ თავს და იქნებ, რაღაცამ მაინც გამოაღვიძოს.

ახლა, რაღაცა კი, არა ყველამ გამოიღვიძა! ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა. მართლა ყოჩაღ! გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი. ამიტომ, ჩვენი კავშირი თავისუფალ სამყაროსთან ვერანაირად ვერ იქნება გაწყვეტილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img