Კალაძე – ამერიკა არის მეგობარი ქვეყანა მაგრამ, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ

Published:

„საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, მაგრამ ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესებამ გამოიწვიოს და გათვალისწინებულია თუ არა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დასრულების რისკები.

„რა თქმა უნდა, ყველაფრის გათვლა ხდება და ყველაფერზე მიდის მუშაობა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ სანქციების ნაწილი, მიმოსვლასთან დაკავშირებით რაც იქნა გაჟღერებული. პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობას. როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქმედებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ არც პარტნიორები, არც მეგობრები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის. ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მოსახლეობას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკა არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ამ ტიპის ჩარევები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ამიტომ ვთქვი, რომ აღნიშნული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ პარტნიორ ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის დამოკიდებულება აქვთ.

„ესეც ჩვენი ბრალია, არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ ბოლო ათეული წლების განმავლობაში რაც ხდებოდა, რა დამოკიდებულებაც იყო. საკუთარი თავის ფასი არ ვიცით, საკუთარ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს არ ვაფასებთ და რა თქმა უნდა, სხვასაც იგივე დამოკიდებულება ექნება. შენ თუ შენს ქვეყანას არ აფასებ, სხვისი მხრიდანაც იგივე აგდებული დამოკიდებულება იქნება. შედეგი სახეზე გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი გამოსწორდება“, – აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, საინტერესოა, თუ საფრანგეთისთვის შეიძლება „ასეთი და უფრო მძაფრი კანონის მიღება, რატომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში იყოს ძალიან უწყინარი კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს“.

„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, – განაცხადა , კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციების დაწესებისა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.„წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით. ამის შემდეგ კი, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაზეც მე პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნებოდა პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ., ამ კანონის აუცილებლობა არ იქნებოდა დღის წესრიგში. ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე, ხომ არ არის ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა მათი მხრიდან, კახა კალაძე პასუხობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.

„ბოლო წლებში ჩვენ ამ ტიპის არაერთი განცხადება მოგვისმენია. ჩვენ მხოლოდ მეგობრობას, პარტნიორობას და ჯანსაღ ურთიერთობებს მივესალმებით. მაგრამ ახლა რაც ხდება, ამ ყველაფრის საპირისპიროა. ეს ქმედებები არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა. რასაც აკეთებენ ახლა ამ სანქციების სახით, გამოდის, რომ ჩვენ მათი მეგობრები კი არა, მტრები ვართ. ვფიქრობ, ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img