ღამით დაიწყო მოსახლეობის ევაკუაციაქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი.
როგორც რწმუნებული აცხადებს, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
„მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მძიმე შედეგები.15 – ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასევე, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრევენციის მიზნით, ღამევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია იქ, სადაც დატბორვის არეალები იყო. ასევე, მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი ოჯახის გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან. ამ წუთებში, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ველოდებით წყლის ნაკადის შემცირებას, რის შემდეგადაც დავიწყებთ სამაშველო სამსახურთან ერთად იმ კერძო სახლებში სამუშაოებს, რომელიც დატბორილია.
გაწმენდითი სამუშაოები წყლის დონის კლების შემდეგ დაიწყება. ამ წუთისთვის, ფიზიკურად ვერ ხერხდება აღნიშნული სამუშაოების ჩატარება, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე საათში წყლის დონე დაიკლებს და აქტიურად დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. სამაშველო სამსახურთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მთავრობის ადმინისტრაციიდან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ზიანი ნაკლები იყოს. ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მყისიერად მოხდა ყველა პრობლემურ ლოკაციაზე რეაგირება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
მძიმე და კრიტიკულ არეალებში, სადაც იმის რისკია, რომ წყლის დონემ მოიმატოს, იქიდან ყველა არის ევაკუირებული. ბოლოს 9 ადამიანი იყო ჩარჩენილი წითელ ხიდთან, ერთ-ერთ ობიექტზე და დაიწყეს მაშველებმა ნავებით მათი გამოყვანა. ყველა რისკი მოხსნილია“,- აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.