რა სიმართლის აღიარებას უნდა ველოდოთ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, საზოგადოებას ეუბნება პარლამენტიდან, რომ საქართველომ 2012 წელს საქართველომ გადაუხვია ევროპულ გზასო. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ეუბნება ამას საზოგადოებას, ანუ ხვდებით, რომ პარალელურ განზომილებაში არის ეს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 2012 წლამდე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ანტიევროპული მიმართულებით მიდიოდა, დღეს კი ბედავს, და მმართველ გუნდს ევროპის დაცვაზე ესაუბრება.
“2012 წელს კი, მართლა გადაგირჩიათ თქვენ ხალხმა, მართლა მთელმა საზოგადოებამ გადაგირჩიათ და გამოგიტანათ განაჩენი, იმიტომ რომ, თქვენ, არათუ ევროპული გზით, არამედ პირდაპირ ანტიევროპული მიმართულებით მიდიოდით, დაასამარეთ ადამიანის უფლებები, დაატერორეთ მედია, რეკეტის ქვეშ გყავდათ ბიზნესი და თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი და მშვიდობიანი მანიფესტაციები ხომ საერთოდ აღარ იყო ამ ქვეყანაში. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, ანტენებს აპატიმრებდით – ეს იყო თქვენი წარმოდგენით ევროპა და თქვენ ახლა ბედავთ, გამოდიხართ აქ და კიდევ ევროპის დაცვაზე ჩვენ გველაპარაკებით, ხალხი, რომლებმაც საერთოდ ევროპულ ჩანაწერს არ დაუჭირეთ მხარი კონსტიტუციაში.
ზუსტად ასეთი დრამატული ხმით ლაპარაკობდით, როდესაც პრეზიდენტის არჩევნები იყო. სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტიაო ამბობდით ზუსტად ასეთი დაძაბული ხმებით, დღეს სად ხართ? თქვენი ფრონტის, ფრონტი რომ დაარქვით სიმბოლურია, ხელმძღვანელი არის ზუსტად ის ადამიანი, რომელსაც რუსეთის აგენტს ეძახდით, არც გრცხვენიათ და ბოდიშიც არ მოგიხდიათ. ასეთი ხმით ლაპარაკობდით, როდესაც ითხოვდით ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის გათავისუფლებას, საქართველოს დასასრული ახლოვდება, თუ არ გაათავისუფლებთო. დატოვეთ 10 000 პატიმარი პატიმრობაში მაგრამ ის ერთი გამოიყვანეთ კანონის გვერდის ავლითო – ეს იყო თქვენი ევროპული სამართალი და მერე რაც მოხდა კი ნახეთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. თქვენ ისევ არ გამოსულხართ და ხმა არ ამოგიღიათ, ბოდიშიც არ მოგიხდიათ ამის გამო.” – განაცხადა თალაკვაძემ.
მან გაიხსენა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ოპოზიციის მოწოდებები და მათი მოთხოვნა, საქართველო უმძიმეს საომარ პროცესებში ჩართულიყო. თალაკვაძის თქმით, რადიკალებს ახარებთ ყველაფერი, რასაც ქვეყნისთვსი ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია.
“ომში ჩართვისკენ მოწოდებით საქართველოს, მაშინაც ასეთი ავისმომასწავებელი ხმით, რომ სამყაროს აღსასრული დადგება თუ ამას არ გავაკეთებთ და თუ არ გავამწვავებთ ჩვენს პოზიციასო – დღეს სად ხართ? სად ხართ მაგ შეფასებებში, როცა ითხოვდით ამ უმძიმეს პროცესში ჩართვას, რომ საქართველო არათუ უკრაინის დახმარებას, საერთოდ ვერაფერს ვეღარ შეძლებდა, საკუთარი თავის და საკუთარი მოქალაქეების დახმარებასაც კი.
საერთოდ უყურადღებოდ დარჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს, ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით, თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გიხაროდათ ვალუტის კურსის უარყოფითი ცვლილება წინა დღეებში, თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული იყავით და ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდებზე ჰაკერულ თავდასხმებს. წარმოიდგინეთ,სადამდე მიხევდით და რას უკრავდით ტაშს და თქვენ ის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, როდესაც ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, ყველაფერი გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით. მეტი ტესტი და მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ და გადამწყვეტი დღე არისო დღეს კიდევ გამოდიხართ და ლაპარაკობთ. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც მიატოვეთ თქვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც თქვენი მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე. გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყებაში – აი, ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ.” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.