თალაკვაძე – რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო იმ კითხვით, რომელზეც პასუხი კონსტიტუციაში გვიწერია

Published:

რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო იმ კითხვით, რომელზეც პასუხი კონსტიტუციაში გვიწერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური.

„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით ნიშნავს შემდეგს, ის საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმოო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის. ეს შეკითხვა, რაც დაისვა თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური.

ძალიან საინტერესო იქნება დღის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების პასუხი და რეაქცია ამ ინიციატივაზე. თუ ისინი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას ემხრობიან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ისინი იზიარებენ კითხვის ნიშანს, რაც დაუსვეს საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ და საზოგადოების უმრავლესობას კი ეს კითხვის ნიშანი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანება. ამ საპროტესტო აქციების შემდეგ რატომღაც რადიკალურ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს რჩებათ კითხვა თუ რა სურს ქართველ ხალხს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ეს კითხვა, არც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ამიტომ, ამ პროცესმა, როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და ზურაბიშვილი მიიყვანა იქ, საიდანაც დაიწყეს საერთოდ ამ აქციების ორგანიზება და მხარდაჭერა იმ დესტაბილიზაციის, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img