ლანა ღოღობერიძე – “ოცნება” უთანასწორო ბრძოლაშია, ეროვნულ იდეას ვერავინ დაუპირისპირდება

Published:

“ქართული ოცნება” უთანსწორო ბრძოლაშია, – ამის შესახებ ცნობილი კინორეჟიროსი ლანა ღოღობერიძე “პირველებთან” ინტერვიუში საუბრობს.  ხელოვანი ამბობს, რომ ევროპული მომავალი ქართველი ერის ეროვნული იდეაა და მასთან დაპირისპირება წინასწარ მარცხისთვის არის განწირული.

ლანა ღოღობერიძე ასევე იმ პერიოდს იხსენებს, როცა საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და “სამკვდრო-სასიცოცხლო” არჩევანი გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა ახლაც სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე დგას. 

როცა ერს აქვს ეროვნული იდეა და ამისთვის საუკუნეთა მანძილზე იბრძვის, ძალიან ძნელია, რომ იმას რამე დაუპირისპირდეს. მე მოწმე ვიყავი იმის, როგორ ვიძენდით თანდათან მეგობრებს. ეს იყო ბედნიერების მომგვრელი პროცესი. უთანასწორო ბრძოლაშია შესული ის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები, ვისაც ჩენი უკან მობრუნება უნდათ. ისევ ჩამოვიფაროთ რკინის ფარდა და რუსეთს რა მოუნდება? ვთქვათ, გუბერნიად გვაქცევს თუ არა?  დამოუკიდებლობის აქტი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირს უნდა გამოვყოფოდით, მაგრამ მაშინ საერთო პროცესი იყო ასეთი. ჩვენ ერთ-ერთი მონაწილე ვიყავით და მიუხედავად ამისა, არჩევანი იყო საბედისწერო, სამკვდრო-სასიცოცხლო და ყველამ მისცა ხმა დამოუკიდებლობას, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ეს ფაქტია. დღესაც ზუსტად ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ და იმიტომაც მგონია, რომ ეს უთანასწორო ბრძოლაა. მართლა მენანებიან ის ადამიანები, ვინც თვითონ აირჩიეს ხვედრი. ისინიც ჩვენი თანამემამულეები არიან, მაგრამ რას იზამ, რაღაცეები ხდება ასეთი ისტორიაში. მგონია, რომ მომავალი ჩვენს წინაა და ის მშვენიერი, თავისუფალი საქართველოა, – ამბობს ლანა ღოღობერიძე. 

კინორეჟისორი ფიქრობს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მოქალაქეები მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა იყვნენ.

ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ხალხმა, ქუჩაში რომ გამოდის, იმ ახალგაზრდობამ, ყველამ ერთად დაიჯეროს, რომ საქართველოში არასდროს აღარ იქნება ერთპარტიული მმართველობა. დაიჯეროს როგორ? ეს უკვე პოლიტიკურმა კლასმა უნდა გააკეთოს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, შეიძლება ფიციც კი დადონ იმის, რომ საქართველოში აღარასდროს იქნება არც ერთი პიროვნების და არც ერთი პარტიის მბრძანებლობა და იქნება რაციონალიზმზე დამყარებული არჩევნებით მოსული რამდენიმე ძალა ხელისუფლებაში, რომლებიც ერთმანეთს გააკონტროლებენ და არავის საშუალებას არ ექნება, რომ თავისი პიროვნული თუ ერთპარტიული სულისკვეთება მოახვიოს თავს. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ყველა ახალგაზრდამ. ესენი თუ მოეფინებიან მთელ საქართველოს, ვეღარავინ ვერ დაუდგება წინ. ისეთი ძალა აქვს, ენერგია. საოცრებაა, საერთოდ, ახალგაზრდული ენერგია, – ამბობს კინორეჟისორი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img