დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ

Published:

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ, გარდა ამისა „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ყოველდღიურ ფრენებს იწყებს– ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების“ დღევანდელ რეისზე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს დაესწრო, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და სხვა სტუმრები.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ გააუქმა სავიზო მოთხოვნა ჩინეთის მოქალაქეებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება და გააუქმა სავიზო მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას.

„სავიზო რეგულაციის შემსუბუქება მნიშვნელოვანი მუხტია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო – ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და რაც მთავარია, ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ უკვე ვხედავთ აღნიშნული გადაწყვეტილებების პირველ შედეგებს. მათ შორის, გაიზარდა ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, ავიასიხშირეების ზრდა კი ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციას, პირველ რიგში კი, ტურიზმსა და ავიაციაში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img