გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებთან და ოჯახის წევრებთან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულ მტკიცებულებებს შესაბამის სამსახურებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარუდგენენ.
„ხელისუფლებამ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებთან (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. ამ დრომდე დაფიქსირებულია პარტიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტი.
ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერის და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება პრაქტიკულად არის შეუძლებელი. მუქარა ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია.
მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას – მოახდინეთ რეაგირება თითოეულ ფაქტზე და აღკვეთეთ დანაშაული. თქვენი დუმილი და უმოქმედობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სისტემურ დანაშაულში თანამონაწილეობაა. შესაბამის სამსახურებს კონკრეტულ მტკიცებულებებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარვუდგენთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.