დუმის დეპუტატი რუსულ კანონს და “ოცნებას” აქებს – ვულოცავთ ქართველ პარლამენტარებს

Published:

დუმის დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე, არტემ ტუროვი საქართველოში რუსული კანონის საბოლოო დამტკიცებას ეხმაურება, მას დადებითად აფასებს და ქართულ ოცნებას აქებს.

ტუროვის აზრით, რუსული კანონის დამტკიცებით “ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს საკუთარი პოზიციის დაცვა და გააკეთეს არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მუქარისა”,- ამბობს ტუროვი.

“საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სუვერენიტეტის გამყარებისკენ, რათა მასზე გავლენა არ მოახდინონ გარე ძალებმა, იმისთვის რომ ქვეყანამ შეძლოს განვითარება ზუსტად ისე, როგორც სურს ქართველ ხალხს, და არა ისე როგორც სურთ რიგ პოლიტიკოსებს დასავლეთის ქვეყნებიდან.

ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონის მიღების პროცესი იყო, როგორი მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამერიკის მხრიდან – ეს სანქციებია, ეკონომიკური წნეხია. თუმცა, ალბათ, უნდა მივულოცოთ ქართველ პარლამენტარებს ის, რომ შეძლეს საკუთარი პოზიციის დაცვა და გააკეთეს არჩევანი ქვეყნის შემდგომი განვითარების მიმართულებით”, – თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

რუსმა დეპუტატმა ქართული ოცნების დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაქო და აღნიშნა, რომ ისინი მოიქცნენ, როგორც “პროქართული პოლიტიკოსები და არა პროდასავლელები”.

ტუროვის რიტორიკა კანონთან და არასამტავრობო სექტორთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მსგავსია.

“ჩვენ ვიცით, რამდენი არაკომერციული ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში – რამდენიმე ათეული ათასი, რომლებიც თავის მხრივ, ფინანსდებიან, რა თქმა უნდა დასავლეთიდან, სხვადასხვა ფონდებიდან. მათ ძალიან აქტიური გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღებაზე და სამოქალაქო საზოგადოების აზრის ფორმირებაზე”, – განაცხადა დუმის დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მოსკოვმა ქართული ოცნება რუსული კანონის ინიციირებისთვის და შემდგომ მიღებისთვის შეაქო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img