არჩილ თალაკვაძე – ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა, რაღაც ფრონტის, ბანაკის ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას

Published:

ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა, რაღაც ფრონტის, ბანაკის ჩამოყალიბება თავისთავად ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს – ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ არჩევანი წაართვან მოქალაქეებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის გუშინდელ გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ერთ ჯგუფში გაერთიანება, ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ სვლაა.

“რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება ერთ ჯგუფში, რომელსაც აღარც განსხვავებული პროგრამა ექნებათ, აღარც განსხვავებული ლიდერები უხელმძღვანელებენ, ალბათ, ნომერსაც ერთს შეარჩევენ, რა თქმა უნდა, ეს არის სვლა ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ. რეფორმები, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გაატარა, თავისთავად გულისხმობს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი არჩევანი, მათ შორის, ოპოზიციამ როგორმე შეძლოს ახალი პროგრამების და ახალი ლიდერების შეთავაზება. ზუსტად ამის საწინააღმდეგოა ის გზავნილი და ის მიმართულება, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი სთავაზობს საზოგადოებას. ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა, რაღაც ფრონტის, ბანაკის ჩამოყალიბება თავისთავად ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ არჩევანი წაართვან მოქალაქეებს. არ ვიცი, რამდენად დაეთანხმებიან ამას პარტიები,” – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მომავალი არჩევნებში იმის დრო არ არის, რომ პარტიებმა ცალ-ცალკე “რაღაცა შეჯიბრი გამართონ და მათი პროგრამები ამომრჩეველს წარუდგინონ”.

“ეს არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება. ეს იქნება არჩევანი, ამიტომ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ რომელიმე სავარძელში ჩაჯდება და იქიდან აღარ ადგება. დანარჩენი, თუ პარტიები არჩევნებზე როგორ გავლენ, მათი გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img