ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

Published:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც ნატაშა როთჩაილდი ხელმძღვანელობს, შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიების დანერგვაზე გააკეთა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, როგორც საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება, ისე ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია, რომელიც არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე გაითვალისწინა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციების უმეტესობა, მათ შორის განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი, გაიზარდა იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, ასევე აქტიურად ხორციელდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებისა და რეაგირების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გასულ კვირას დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img