ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები კურსკის ოლქში გადაიყვანეს

Published:

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები განლაგდნენ კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მოგერიების მცდელობა” გრძელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

“დონბასის ველური დივიზიის” მიერ გავრცელებულ “ტელეგრამ” შეტყობინებაში ნათქვამია, რომ “უზენაესმა მთავარსარდალმა”, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იგულისხმება, კურსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდათ – “ბევრჯერ დაძახება არ გვჭირდება, მოვედით დასახმარებლად”, – წერს არხი. ამ დივიზიის მეთაური აფხაზი მებრძოლი, ახრა ავიძბაა.

“სარმატის ბატალიონის პერსონალი, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის “დონბასის ველური დივიზიის” ნაწილი, გადავიდა საბრძოლო კონტაქტის ხაზზე კურსკის რეგიონში მტრის სამხედრო ფორმირებების განადგურების მიზნით. გამარჯვება ჩვენი იქნება”, – წერს ოსური ბატალიონის ტელეგრამის არხი.

კურსკის ოლქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორს, რომლებიც რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ, დაიკავეს დასახლებები, ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img