ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

Published:

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. – ინფორმაციას გარემოს ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ.

ამასთან, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანია „ტერმინალ 1-ის” დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის წინასწარი შედეგითაც მათ დაუშვებლად მიაჩნიათ კუნძულის მშენებლობა – მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.„კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მიმავალი საზღვაო ნავთობტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა „ამბასადორ ბათუმი აილენდისთვის“ ქონების გადაცემის პირობები. აქვე თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მხრივ ინტენსიურად და ქაოსურად მიმდინარეობს ინერტული მასალების ჩაყრა. შპს „ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“,- აღნიშნულია შპს „ტერმინალ 1“-ის დირექტორის წერილში, რომლითაც მან გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და რომელსაც რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალურ წერილში, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გავრცელდა და რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი „ამბასადორ ბათუმი აილენდს“ წერილით მიმართავს, რომ დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის შესაბამის უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების შესახებ) წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img