ლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, 42-ე დღეა, ევოლუშენის თანამშრომლები გაიფიცნენ, ქართულმა ოცნებამ კი ისინი მიატოვა და მათი უფლებების დარღვევით არ ინტერესდება.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ნაცვლიშვილმა შრომის ინსპექციის უმოქმედობაზეც ისაუბრა.
“42-ე დღეა, მოწმე ვართ იმისა, როგორ მიატოვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლები და როგორი დაუცველი არიან ამ ქვეყანაში ადამიანები.
42 დღეა, საქართველოში მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი, ადამიანებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას, გუშინ კი ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ახალგაზრდა ადამიანმა პირი ამოიკერა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ კი ეს ადამიანები მიატოვა.
დღეს საქართველოში არსებობს სამსახური, რომლის საქმე არის შეამოწმოს, როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ადამიანებს ამ ქვეყანაში, თუ საერთოდ შეძლეს დასაქმება, და როგორ ექცევა დამსაქმებელი დასაქმებულს; ეს არის ჯანმრთელობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შრომის ინსპექცია. ამ უწყების წლიური ბიუჯეტი მიმდინარე წელს არის არც მეტი არც ნაკლები 7 300 000 ლარი, ხოლო, უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში არის 162 თანამშრომელი. 2 აგვისტოს ამავე ტრიბუნიდან მათ ოფიციალურად მივმართე მას და წერილობით მოვითხოვე რეაგირება. გავიდა კანონით დადგენილი ყველა ვადა და ინსპექტორმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი პასუხი, რა გააკეთეს ან რის გაკეთებას გეგმავს ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბურ გაფიცვას შრომითი უფლებებისთვის.
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, ქართული ოცნების პირობებში მიტოვებულ ადამიანებს და კიდევ ერთ, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სახელმწიფო უწყებას, რომელიც არ არის ეფექტური. ეს, რათქმაუნდა, ვერ იქნება იქ დასაქმებული საჯარო მოხელეების ბრალი, არამედ მათი ხელმძღვანელის და სახელმწიფოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის.
ამ ვითარებიდან გამოსავალი არის სწორედ ის, რაც ძლიერმა საქართველომ წარმოვადგინეთ:
ხელისუფლება, რომელიც რუს ოლიგარქს კი არა, ხალხს მოემსახურება, სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კანონს შეასრულებენ და არ იმოქმედებენ პარტიული მიზანშეწონილობით, ხელისუფლება რომელიც დანერგავს ევროპულ სტანდარტს ყველა სფეროში, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის, ხელისუფლება რომელიც შექმნის 200 000 სამუშაო ადგილს სამართლიანი ანაზღაურებით და სამართლიანი შრომის პირობებით.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაუშვებს რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და აირჩევს თავის მსახურ ხელისუფლებას“, – თქვა ნაცვლიშვილმა.
ევულუშენ ჯორჯიაში უკვე თვეზე მეტია, 4 600-ზე მეტი თანამშრომელი გაფიცულია.
გაფიცვამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომპანიის შიდა ჩატში მიმოწერები – სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ევოლუშენმა გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ.
გაფიცული თანამშრომლები ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი აქციებს კომპანიის შენობასთან მართავენ. მათი ნაწილი შიმშილობს, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.