ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

Published:

„ნაპოლიმ“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და სეზონში პირველი ქულები ქართველის შესანიშნავი თამაშით მოიპოვა – 3:0.

იტალიის ჩემპიონატის პარტნიორმა ტელეკომპანია DANZ-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა წინა ტურში დაშავდა, „სტადიო მარადონაზე“ გამართული სერია A-ს მეორე ტურის შეხვედრაში ნეაპოლელების ძირითად შემადგენლობაში იყო.

პირველ ტურში „ვერონასთან“ მტკივნეული მარცხის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდს გულშემატკივრების გახარება სურდა და ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხა – ქართველის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავადაც მოახერხა გოლის გატანა – 75-ე წუთზე ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, კარისკენ დაიძრა, საჯარიმო მოედანს მიუახლოვდა და დაარტყა – მეტოქის მცველის ფეხიდან ასხლეტილი ბურთი კარში შევარდა – ხვიჩამ გოლი ახალდაბადებულ შვილს, დამიანეს მიუძღვნა.

90+4-ე წუთზე კი ჯოვანი სიმეონემ მესამე გოლიც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე“ გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სპორტულმა პორტალმა, Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ლიდერის თამაში 8,9 ქულით შეაფასა, Sofascore-მა – 9,2 ქულით, ხოლო Whoscored-მა თითქმის იდეალური შეფასება – 9,8 ქულა დაუწერა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img