ქუთაისის ციხეში პატიმარს სასტიკად სცემეს, რასაც პენიტენციური უარყოფს

Published:

ოჯახი ამბობს, რომ ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულებაში 30 წლის პატიმარს, ნიკა ბასილაძეს სცემეს, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

პატიმარი ჯერ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, კლინიკა „ვივამედში”.

პენიტენციური სამსახური ოჯახის ბრალდების პასუხად ამბობს, რომ „კამერებით აღჭურვილი საკნის საპირფარეშოში ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება”.

ოჯახს სურდა, ენახა ამის ამსახველი კადრები, თუმცა, მათ ამაზე უარი უთხრეს. ასევე, როგორც ამბობენ, მათ უწყებიდან სასაუბროდ ჯერჯერობით არავინ შეხვდა.

პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით, იმის თქმის საფუძველს, რომ ბასილაძე ნაცემია, აძლევს როგორც კლინიკიდან მიღებული ინფორმაცია, ისე გარეგნული შეფასება. მათი თქმით, პატიმარი დაინახეს და შენიშნეს, რომ ისეთი დაზიანებები ჰქონდა, რასაც ის თავად ვერ მიიყენებდა.

„თვითონ გადაიჭრა ვენაო. როგორ გადაიჭრიდა, კაცი თავშია დაზიანებული, თავის ქალა ჩატეხილი აქვს, შუბლზე დაზიანება აქვს, უკან დაზიანება აქვს”, – ამბობს მედიასთან პატიმრის ოჯახის ერთ-ერთო წევრი.

„ნაჩხუბარი არაა, უბრალოდ ნაცემი არაა, სასიკვდილოდ არის ნაცემი”, – ამბობს მისი ოჯახის სხვა წევრი.

„ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვა სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img