საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ეს კანონპროექტი, მათ შორის გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
მეორე მოსმენის ეტაპზე კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის გაჩნდა ახალი მუხლი, რომელიც ტერმინ პოპულარიზაციას განმარტავს.
ამ განმარტების მიხედვით, „პოპულარიზაცია არის ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობების ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ ობიექტური დამკვირვებლის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არც ერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნებას ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობას ან ინცესტს მისაბაძად წარმოაჩენს“.
ამავე მუხლის მეორე პუნქტში წერია, პოპულარიზაციის შესაფასებლად „ინფორმაციის/ქმედებების შეფასებისას გაითვალისწინება ამ ინფორმაციის/ქმედების შინაარსი, ფორმა და სახე. მისი გავრცელების განხორციელების ფორმა, მეთოდი, დრო და სივრცე, აგრეთვე ის ვითარება, რომელშიც იგი გავრცელდა/განხორციელდა და იმ პირთა წრე, რომელიც ამ ინფორმაციის/ქმედების ადრესატი აღმოჩნდა”.
დეპუტატებმა კანონპროექტში განმარტეს, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითების შესახებ ჩანაწერი და, ითქვა რომ კანონის ამ ნორმას უკუგების ძალა არ ექნება, ანუ არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ასეთ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი უკვე შეიცვალეს.
შეიცვალა ქორწინების შესახებ ჩანაწერიც. პირველი მოსმენით დამტკიცებულ ვარიანტში ვკითხულობთ, რომ „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. მეორე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში კი წერია: „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“.
საკომიტეტო განხილვაზე ასევე ითქვა, რომ კანონპროექტს დაემატა სიტყვები: „ადამიანი, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს” და შვილად აყვანა მათაც აეკრძალათ. ცვლილების შემდეგ შვილადაყვანის მუხლი ჩამოყალიბდა ასე:
„დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება“.
„რა ხდება იმ შემთხვევაში თუ გავარკვევთ, რომ ბავშვის ერთ-ერთი მშობელი აღმოჩნდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, თუ ეს შვილად აყვანაზე უარის საფუძველია ჩამორთმევის საფუძველიც უნდა იყოს?“, – ეს კითხვა დაუსვა კანონპროექტის წარმდგენს „ქართული ოცნების“ დეპუტატს თენგიზ შარმანაშვილს პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ. ის ფიქრობს, რომ შვილად აყვანის შესახებ ჩანაწერს ვითარება “არაადამიანურ წესრიგამდე მიჰყავს”.
„ქალს ვიღაცამ უნდა აუკრძალოს ბავშვის მოვლა იმიტომ, რომ მას პარტნიორებად ქალებიც ჰყავთ? ჩამოართმევთ?”.
– „არა, მას ბავშვს არავინ ჩამოართმევს”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა და ეს საკითხი მეტად აღარ დაუზუსტებია.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება.
ეს კანონი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განცხადებებისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზია. კანონპროექტის დამტკიცებას მმართველი პარტია, საშემოდგომო სესიაზე სექტემბრის ბოლომდე არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გეგმავს.
პროექტი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ – დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა არ გააგრძელონ მასზე მუშაობა.