აშშ ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, რაზეც ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა.
„გუშინ აშშ-ში, სენატში ჩატარდა მორიგი მოსმენა საქართველოზე, ეს არის რიგით მესამე მოსმენა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობით პალატაში, უმაღლეს პალატაში – სენატში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი. ამაზე გუშინ ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა გუშინდელი სენატის მოსმენაზე, როდესაც მაგალითად საკმაოდ გავლენიანმა სენატორმა რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, აირჩიონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველოს, მათ შორის, 14 მილიარდიანი გაწევრიანების ფონზე მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მილიარდობით ევრო ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ასევე კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად – მაგალითად – ეს 14-მილიარდიანი ფონდი სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების პროცესში გამოიყენეს, რათა სუბსიდირება მომხდარიყო კომუნალური გადასახადების, საჭიროების მქონე ოჯახებისთვის, ან აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან მაგალითად დევნილები, მომხდარიყო ათასობის სტუდენტისთვის სრულად დაფინანსება გაცვლითი პროგრამების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა, სამედიცინო მომსახურეების დაფინანსება – ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომელიც მომენტალურად – რომელ წამსაც საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე – ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.