ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება

Published:

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მილი მეჯლისის სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ის კორონავირუსის პანდემიის დროს დაიკეტა, მაგრამ შემდეგ საზღვრის დაკეტვის რეჟიმი აზერბაიჯანის მთავრობამ რამდენჯერმე გააგრძელა. ბოლოს რეჟიმის მოქმედება 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდა. ალიევის განცხადება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ქვეყნის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება.

„დღესაც კი, როდესაც საზღვარი დაკეტილია, საშიშ ქმედებებს აქვს ადგილი და მათი აღმოფხვრა ხდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საზღვრის დაკეტვა ქვეყანას საგარეო რისკებისგან იცავს.

„აზერბაიჯანში არის უსაფრთხო, სტაბილური და მშვიდი ვითარება. ის შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო იყოს. სტაბილურობის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება ქვეყნებში, სადაც სტაბილურობა დარღვეულია. სტაბილურობა – არის უსაფრთხოების განვითარების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ძირითადი წინაპირობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ოფიციალური ბაქო მანამდე აცხადებდა, რომ სახმელეთო საზღვარზე საკარანტინო რეჟიმი „იმდენ ხანს იქნება შენარჩუნებული, რამდენიც აუცილებელია“. ამჟამად აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეიძლება. ამასთანავე, უცხოელებს აზერბაიჯანიდან გასვლა სახმელეთო გზითაც შეუძლიათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img