პრემიერი – მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ აფხაზეთის ომის კადრებს მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის

Published:

რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რატომ არ ახსენა რუსეთი, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

კობახიძის თქმით, მან გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა.

„საუბარი იქ იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი… რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს. ოკუპაციაზე მქონდა საუბარი გაერო-ში. რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს“, – განაცხადა კობახიძემ.

მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ ომის კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებზეც ომში მყოფი უკრაინის კადრების საპირწონედ, საქართველოში გადაღებული კადრებია აღებული.

ამასთან, პრემიერმა უარი თქვა გამოხმაურებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც უკრაინის საგარეო უწყებამ ომის კადრების საარჩევნო რეკლამად გამოყენების ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ომისა და მშვიდობის შედარება პრინციპულია, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს.

„მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში, რაც შეეხება ამ განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, იმიტომ, რომ რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდება იმავე ბედის გაზიარება, ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იმავეს აპირებენ ვიღაც- ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ, ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი NGO-ები იმას, რაც ხდება უკრაინაში, წარმოაჩენენ რომანტიკულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით ვერც თქვენი მედიასაშუალებები, ვერც თქვენი პარტიები და ვერც თქვენი NGO-ები,“ – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რამდენად მორალურია უკრაინის ომის კადრების გამოყენება, კობახიძემ უპასუხა: „აბსოლუტურად“.

“აბსოლუტურად, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რა არის ომის შედეგები და რა არის ომის ფასი იმისთვის, რომ არ იმუშაოს თქვენმა პროპაგანდამ“, – განაცხადა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img