ესპანური მედია ქოჩორაშვილსა და საქართველოს ნაკრებზე წერს

Published:

გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მოულოდნელი ლიდერია, თუმცა, დიდი ბრძოლა მოუწევს, რათა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნოს. ამ გზაზე ვალენსიელებს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ. ვინაიდან უეფას კალენდარი რანგით დაბალი დივიზიონების კალენდარზე არაა “აწყობილი”, გუნდებს გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარება იმ ფეხბურთელების გარეშე უწევთ, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებებში იძახებენ. – ამ თემაზე Las Provincias-მა დაწერა და გიორგი ქოჩორაშვილიც ახსენა, რომლის გაშვებაც ლევანტეს საქართველოს ეროვნულ გუნდში მოუწევს.

“გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში გუნდზე უკვე მოახდინა სერიოზული გავლენა. ნახევარმცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელ წევრადაც იქცა და ევროპის ჩემპიონატზეც ბრწყინავდა, რისი წყალობითაც სატრანსფერო ბაზარზე სასურველ მოთამაშედ იქცა. საბოლოოდ, ქოჩო მაინც ლევანტეში დარჩა, შესაბამისად, კლუბში იმედი აქვთ, რომ გაისად ზაფხულში მას კიდევ უფრო სარფიანად გაყიდიან. ამავდროულად, მისი საერთაშორისო სტატუსი ლევანტესთვის დადებითი ამბავი ნამდვილად არაა, რადგანაც ფიფას კალენდარი სეგუნდა დივიზიონის კალენდარზე არაა გათვლილი. შედეგად, ქართველი ნახევარმცველი წლის განმავლობაში რამდენიმე საკლუბო მატჩს ტოვებს.

ეს კიდევ ერთხელ მოხდება მომავალ კვირაში, როდესაც ლევანტე სანტანდერში რასინგს ესტუმრება. მანამდე, ოვიედოსთან საშინაო თამაშია, სადაც ქოჩორაშვილი მინდორზე იქნება, აი, რასინგთან შეხვედრა კი მის გარეშე ჩაივლის, რადგანაც ვილი სანიოლს ის ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის ჰყავს გამოძახებული. გამოდის, რომ ლევანტეს მთავარ მწვრთნელ ხულიან კალეროს კიდევ ერთხელ მოუწევს იძულებითი გადაწყვეტილების მიღება და ქართველის შემცვლელის მოძიება. სავარაუდოა, რომ მის მაგივრად მინდორზე ვეტერანი ვისენტე იბორა გავა”.

სეგუნდა დივიზიონის კალენდრით, ლევანტე ოვიედოს 6 ოქტომბერს უმასპინძლებს, ხოლო რასინგთან სტუმრობა 13 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ეგიდით 11 ოქტომბერს უკრაინას ესტუმრება, 14-ში კი ალბანეთთან საშინაო თამაშია დაგეგმილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img