შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სინჯები საანალიზოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.
„31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა. შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი კვლევა განახორციელა.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. კვლევები ყოველთვიურად, 12 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება.
ასევე, სააგენტოს მიერ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად ხორციელდება სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.