ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი– ქალთა სავალდებულო გაწვევას უჭერს მხარს

Published:

ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი („პროგრესული პარტია“) მხარს უჭერს ქალთა სავალდებულო გაწვევას ეროვნული თავდაცვის სამსახურში (NDF), რაც, შესაძლოა, 2028 წელს განხორციელდეს.

„ლატვიის ტელევიზიის“ გადაცემაში „ერთი ერთზე“ გამოსვლისას, სპრუდსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი საკითხია და ეს პრინციპი უკვე დაინერგა შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში.

ეროვნული თავდაცვის სამსახურში ქალთა სავალდებულო სამხედრო გაწვევას მხარს უჭერს სპრუდსი, არა მხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ პოლიტიკური ძალაც, რომელსაც ის წარმოადგენს. „ცხადია, ეს არ არის საკითხი, რომლის მოგვარებაც ხვალ შუადღემდე შეიძლება. ამისთვის დიდი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებაა აუცილებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

„მოსამზადებელ სამუშაოში შედის დისკუსია და დიალოგი კოალიციაში, ასევე პარლამენტსა და საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამას“, – აღნიშნა სპრუდსმა და გაიხსენა, რომ წარსულში მოსახლეობის უმრავლესობა არც სავალდებულო სამსახურის შემოღებას უჭერდა მხარს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მოსაზრება შეიცვალა.

„როდესაც ეროვნული თავდაცვის სამსახურში 4000 ქალის რეკრუტირებაზე ვსაუბრობთ, საგზაო რუკაზე ეს 2028 წელს გვაქვს მონიშნული“, – ამბობს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.

მისივე განმარტებით, ეს ნაბიჯი საჭიროებს ეროვნული თავდაცვის სამსახურის შემდგომ გაუმჯობესებას, ასევე ჯარისკაცების აღჭურვილობისა და ფორმების ადაპტირებას. ამჟამად ქალებს ლატვიის ეროვნული თავდაცვის სამსახურში ყოფნა მხოლოდ მოხალისის სტატუსით შეუძლიათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img